თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, ლევან იზორიას დაეკისრა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, სადაც, უსაფრთხოების ჭრილში, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს.
„ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ფუნქცია, განსაკუთრებით- კოორდინაციის ნაწილში. დღეს ამ ქვეყნის უსაფრთხოება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სხვანაირად ვერ განვავითარებთ ვერც ეკონომიკას, ვერც ტურიზმს, ვერც განათლებას, ვერც კულტურას და საერთოდ, ქვეყნის ხვალინდელ დღეზე მსჯელობა იქნება საკმაოდ პირობითი. ამიტომ უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინირებული მუშაობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ლევან იზორიას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სრულყოფილი კონცეფციის შექმნა დაავალა, რომელიც ქვეყნის საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მომუშავე სახელმწიფო უწყებებისთვის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა იქნება.
იზორიას განცხადებით, სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის შიგნით არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება.
„პრემიერის დავალებით, დღეიდან აქტიურად შევუდგებით ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობას. ასევე, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლებას. ჩვენ განვიხილეთ ქვეყნის შიგნით არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
ლევან იზორია 1974 წლის 5 თებერვალს დაიბადა. დაამთავრა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და გეორგ-ავგუსტის სახელობის გეოტინგენის უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი. 2004-2006 წლებში იყო საქართველოს პოლიციის აკადემიის რექტორი, 2007-2008 წლებში „საქართველოს უნივერსიტეტის“ დეკანი. 2008-2009 წლებში — ქალაქ შპაიერში (გერმანია) ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლის პროფესორი. 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა საქართველოს შს მინისტრის მოადგილედ, 2015 წელს კი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ. 2016 წლის ივლისის ბოლოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაინიშნა.