ინაშვილი: „ქართული ოცნების" წარმომადგენლები მოსკოვში ფარულად დადიან

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მმართველ პარტიას მოუწოდებს, შეწყვიტოს პოლიტიკოსების პრორუსებად და პროამერიკელებად დახარისხება.
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ამტკიცებს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრები მოსკოვში მოლაპარაკებებზე ფარულად დადიან.

ირმა ინაშვილი: საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტი სჭირდება

„მინდა აღვნიშნო, თავი დაანებეთ "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივში ტივტივს და პოლიტიკური სპექტრის დახარისხებას პრორუსებად და პროამერიკელებად. თქვენგან რამდენი კაცი დადის რუსეთში და ვინ ვის ელაპარაკება, მაგაზე ცალკე ვილაპარაკოთ, შესვენების დროს. ჩვენ ამერიკაშიც, რუსეთშიც და ევროპაშიც საჯარო შეხვედრებს ვმართავთ, თქვენგან განსხვავებით", – განაცხადა ინაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

„პატრიოტთა ალიანსი" მრავალი წლის განმავლობაში პირველი პარტიაა საქართველოში, რომლის დეპუტატები პერიოდულად დადიან მოსკოვში და საკუთარი ინიციატივით შეხვედრებს მართავენ რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრებთან და რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორებთან. ვიზიტის მიზანი ქვეყნის ტერიტორიული პრობლემების მოგვარების მიზნით რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაა.

საქართველოს ხელისუფლებამ „პატრიოტთა ალიანსის" მოთხოვნა მოლაპარაკებებში ოფიციალური სტატუსის მინიჭების შესახებ არ დააკმაყოფილა.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს. მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველად, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, საქართველომ კი საპასუხოდ მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.