უანალოგო არქეოლოგიური აღმოჩენა: ითხვისში ინტენსიური დასახლება არსებობდა

გათხრების შედეგად აღმოჩენილია განვითარებული შუა საუკუნეების ინტენსიური დასახლება, რომელსაც დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებს შორის ანალოგი არ გააჩნია
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ჭიათურის რაიონის სოფელ ითხვისის ნაქალაქარზე ვრცელი და ინტენსიური დასახლება არსებობდა, რაც არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, იუწყება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.  

ყვარელში არქეოლოგებმა ადრექრისტიანული ბაზილიკის საიდუმლო ამოხსნეს

სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად დადასტურდა მანამდე გამოთქმული მოსაზრება კოლხეთში წინარე ანტიკური ხანის ნამოსახლარების ინტენსიურობის თაობაზე.

„2019 წლის არქეოლოგიურმა გათხრების შედეგად დადასტურდა ვარაუდი ითხვისის „ნაქალაქარზე“ ვრცელი და ინტენსიური დასახლების არსებობის შესახებ. გამოვლენილია სამფენიანი ნამოსახლარი, რომელიც მოიცავს პერიოდს გვიან ელინისტური ხანიდან გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით“, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. 

არქეოლოგიური გათხრები სოფელ ითხვისის „ნაქალაქარზე“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით 2019 წლის ივლისში ჩატარდა. გათხრების შედეგად აღმოჩენილია განვითარებული შუა საუკუნეების ინტენსიური დასახლება, რომელიც ვრცელდება დაახლოებით 300 მეტრის სიგრძეზე და რომელსაც დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებს შორის ანალოგი არ გააჩნია — ასეთი სიდიდის მარანი არსად არ არის გამოვლენილი. 

გარდა ამისა, სააგენტო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ დასახლებას არაფერი აქვს საერთო ითხვისში გასული საუკუნის 60-იან წლებში გათხრილ არქეოლოგიურ ძეგლთან — ეს აბსოლუტურად დამოუკიდებელი დასახლებაა.