თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ჰოლივუდური ბლოკბასტერის, „ფორსაჟის" რეჟისორი ჯასტინ ლინი მადლობას უხდის ქალაქებს, რომლებშიც ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა, მათ შორის, საქართველოს დედაქალაქ თბილისს.
„ფორსაჟი 9−ს“ გადაღებები, რომლის პრემიერაც 2020 წლისთვის იგეგმება, დასრულდა.
რეჟისორის ტვიტერ−აკაუნტზე ნათქვამია:
„ეს სერიის ყველაზე ამბიციური ფილმია და მე უსაზღვროდ მადლიერი ვარ ჩვენი საოცარი გუნდისა ლონდონიდან, ედინბურგიდან, თბილისიდან (საქართველო), ფხუკეტიდან, კრაბიდან (ტაილანდი) და ლოს−ანჯელესიდან“.
საქართველოში „ფორსაჟი 9"-ის ეპიზოდების გადაღება 19 აგვისტოდან დაიწყო. კინომწარმოებელი კომპანია Universal-ი ხუთწუთიან ეპიზოდებს იღებდა ძველ თბილისში, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ასევე რუსთავში. გადაღებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა.