„მეტროში თვალის ამოვარდნების, უამრავი მზერის შემდეგ მაინც გავიმარჯვე...“ – მაკო გომური

20 ივნისს მაკო გომური სამსახურის შემდეგ ღამით სახლში ბრუნდებოდა, როდესაც პარლამენტის შენობის წინ აქციის დარბევის დროს პოლიციელების ნასროლი ტყვია თვალში მოხვდა.
Sputnik

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ სამი ადამიანის დაზარალებულად ცნობას ერთ-ერთი დაზარალებული მაკო გომური სოციალურ ქსელში ეხმაურება.

პროკურატურამ სამი ადამიანი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნო

გოგონა, რომელმაც აქციის დარბევისას თვალი დაკარგა, წერს, რომ უსამართლობაა, როდესაც დაზარალებულის სტატუსი კიდევ ერთმა დაზარალებულმა გიორგი სულაშვილმა არ მიიღო.

„ჰოდა მე რომ მაძლევთ ამ სტატუსს და გიორგი სულაშვილს (რომელსაც ჩემზე მეტად ჰქონდა სახე ტრამვირებული) არ აძლევთ, ეგ რა მაფიაა არ ვიცი. ტეხავს. ამდენხნიანი ლოდინის, ტანჯვის, ტკივილის, მეტროში თვალის ამოვარდნების, უამრავი მზერის შემდეგ მაინც გავიმარჯვე. 5 თვის შემდეგ მარა მაინც. ეს ყველაზე მინიმალური იყო, რაც შეეძლოთ გაეკეთებინათ. ამით არ მთავრდება ყველაფერი, პირიქით იწყება“, – წერს მაკო გომური.

18 წლის მაკო გომურს, რომელმაც პარლამენტთან აქციის დაშლის დროს თვალში მოხვედრილი რეზინის ტყვიის გამო თვალი დაკარგა, გერმანიაში ოპერაცია გაუკეთეს და ხელოვნური თვალი ჩაუსვეს. ფოტო თავად მაკომ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.

20 ივნისს მაკო გომური სამსახურის შემდეგ ღამით სახლში ბრუნდებოდა, როდესაც პარლამენტის შენობის წინ აქციის დარბევის დროს პოლიციელების ნასროლი ტყვია თვალში მოხვდა. გოგონას ექიმებმა თვალი ვერ შეუნარჩუნეს.
იმ საღამოს პარლამენტთან აქციის დროს მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 30-ზე მეტი ჟურნალისტი.