ისევ სასამართლო სკანდალი – ომბუდსმენმა მოსამართლეთა შერჩევის პროცესი დაიწუნა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის სისტემაში მთავარ პრობლემად ფარული კენჭისყრა დაასახელა
Sputnik

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოითხოვს, რომ პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის წესი არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი.

ლომჯარიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით 1 ნოემბერს მიმართა.

ომბუდსმენის განცხადებით, მოსამართლეთა შერჩევის წესი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ორ მუხლს: თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება ნებისმიერი საჯარო თანამდებობა დაიკავოს თუ იგი მოთხოვნებს აკმაყოფილებს (მუხლი 24); თითოეულ ადამიანს აქვს სამართლიან სასამართლოზე წვდომისა და სამართლიანი და დროული განხილვის უზრუნველყოფის უფლება (მუხლი 31). 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა შერჩევის კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა

მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შემუშავების დროს პარლამენტმა გაითვალისწინა ომბუდსმენის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროს და სხვა დაინტერესებული მხარეების რეკომენდაციების ნაწილი. ლომჯარიას არ მოსწონს ის, რომ იუსტიციის უზენაეს საბჭოში კანდიდატების შერჩევისას გადაწყვეტილებები მიიღება ფარული კენჭისყრით  და უსაფუძვლოდ, ასევე არ არის გასაჩივრების შესაძლებლობა.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარკვეული წევრები წინასწარ შეთანხმებულ კანდიდატთა მხარდაჭერის მიზნით მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებითა და კოორდინაციით. აღნიშნულმა დაადასტურა, რომ კანონით გათვალისწინებული კენჭისყრებისა და შეფასების ფარულობა ვერ უზრუნველყოფდა საბჭოს წევრების მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების სისტემისა და კრიტერიუმების საფუძველზე შერჩევას და საბჭოს წევრების ზეგავლენისაგან დაცვას“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, კანდიდატებისთვის მინიჭებული ქულები და შეფასება არ საბუთდება. „ამ პირობებში, ბუნებრივია, იზრდება შეფასებით, მათ შორის ქულებით მანიპულირების რისკი“.

ახლა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით რომც მიიღოს გადაწყვეტილება, პროცესის, რომელიც უკვე პარლამენტშია გადასული, შეჩერება ვეღარ მოხერხდება. პარლამენტმა ახლო მომავალში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი 20 კანდიდატიდან თითოეულს უნდა უყაროს კენჭი.

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უკმარისობაა. ამჟამად იქ მუშაობს 11 მოსამართლე მაშინ, როდესაც სულ მცირე 28 მოსამართლე უნდა იყოს. მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გაჭიანურდა სკანდალის გამო, რომელიც 2018 წლის დეკემბერში მოხდა.

უთანხმოების მიზეზი გახდა მოსამართლეთა კანდიდატების ათკაციანი სია. ამ სიაში შეყვანილი იყო იმ მოსამართლეთა გვარები, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იმ დროს ოპოზიციური „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა საქმეებზე სკანდალური გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული და რომელთაც ბოლო დროს სასამართლოს „კლანურ მართვაში“ ადანაშაულებდნენ.

შედეგად, სია გამოიწვიეს და მოსამართლეთა შერჩევის მკაფიო კრიტერიუმების შემუშავება გადაწყდა, რათა არავის არ შეეტანა ეჭვი სასამართლო სისტემის ობიექტურობაში.