თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობა გაიზარდა, ხოლო თბილისის აეროპორტში – შემცირდა, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
თბილისში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის შემდეგ საპროტესტო აქციების საპასუხოდ რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა.
მიმდინარე წლის ათ თვეში თბილისის აეროპორტში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 0,8%-ით შემცირდა, ბათუმის აეროპორტში გაიზარდა 6,1%-ით, ხოლო ქუთაისის აეროპორტში – 44,4%-ით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოქტომბრის მონაცემებით, თბილისის აეროპორტში ვიზიტორების რაოდენობა 113,2 ათას ადამიანზე მეტი იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,1%-ით მეტია.
ბათუმის აეროპორტში ოქტომბერში ასევე დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა. საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ დაახლოებით 22 ათასი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9%-ით აღემატება.
თბილისის შემდეგ ქუთაისი - Ryanair-ი რეისების რაოდენობას ზრდის>>
ზრდის მაღალი ტემპია შენარჩუნებული ქუთაისის აეროპორტში. მიმდინარე წლის ოქტომბერში დაფიქსირდა 25,6 ათასზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი, რაც 55,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.