თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინმა) იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში წლის შემაჯამებელ კიუსიუ ბაშოზე ზედიზედ მეორე ბრძოლა წააგო.
ტოჩინოშინი დასავლეთის მეორე მაეგაშირა მიოგირიუსთან დამარცხდა.
ხვალ ტოჩინოშინი კომუსუბი ენდოს შეხვდება, რომელიც, თავის მხრივ, ბოლო შეხვედრაში დასავლეთის მაეგაშირა მეისეისთან ორთაბრძოლაში დამარცხდა.
რაც შეეხება მეორე ქართველ გოლიათ გაგამარუს, იგივე თეიმურაზ ჯუღელს, ისიც ძიურიოს მეორე დივიზიონში ზედიზედ მეორედ დამარცხდა.
როგორც სუმოს მოყვარულებისთვის ცნობილია, ტოჩინოშინს ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად 15-დან მინიმუმ 10 გამარჯვება სჭირდება. წინა ტურნირზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ 32 წლის ქართველი სპორტსმენი ჩამოაქვეითეს და ის სეკივაკე გახდა.
2019 წლის უკანასკნელი ბაშო 24 ნოემბერს დასრულდება. ელიტური დივიზიონების – მაკუუჩის და ძიურიოს მოჭიდავეები თხუთმეტი დღის მანძილზე 15 ბრძოლას გამართავენ.