პროკურატურამ სამი ადამიანი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნო

მაია გომურის, ომარ სეხნიაშვილის და მირზა ლიპარტელიანის დაზარალებულად ცნობა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ მოხდა.
Sputnik

თბილისი, 11 ნოემბერი - Sputnik. 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მაია გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნეს, იუწყება საქართველოს პროკურატურა.

ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ დაკარგა მაკო გომურმა თვალი

თბილისში პროტესტი რუსეთის სათათბიროს დეპუტატის, კომპარტიის წევრ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის და პარლამენტში მისი გამოსვლის საპასუხოდ დაიწყო. აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიციამ 300-ზე მეტი პირი დააკავა, 240 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ორმა ადამიანმა, რომელთა შორის ერთ-ერთი 18 წლის მაია გომური იყო, პოლიციის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა.

„შრამი რომ არა, ვერც კი გაარჩევდით“ – მაკო გომურს ხელოვნური თვალი ჩაუსვეს

მაია გომურის, ომარ სეხნიაშვილის და მირზა ლიპარტელიანის დაზარალებულად ცნობა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ მოხდა.

თბილისში 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო. პირველი პოლიციელთა მიერ ძალის გადამეტებას ეხება. მეორე მიმართულებით კი გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით – „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა" და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რომელმაც მძიმე შედეგი გამოიწვია".

„ცალი თვალითაც მშვენივრად ვიყურები“ - ვინ არის გოგონა, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა>>

პროკურატურის ცნობით, გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედება - გამოკითხულია 600-ზე მეტი პირი, მათ შორის სამართალდამცავები. გამოკვლეულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი შესაბამისი ვიდეომასალა. დანიშნულია ექსპერტიზები.

რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს, პროკურატურა აცხადებს, რომ „საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის  შესახებაც  საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია“.