საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ვეღარ დაამტკიცებს. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას – მიიღოს თუ არა წარმოებაში სარჩელი, რომლითაც სახალხო დამცველმა მოსამართლეების პარლამენტში წარდგენის წესი გაასაჩივრა.
სახალხო დამცველმა 1 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.
ნინო ლომჯარიას თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავების, სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებებს და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს პრინციპებს.
„ეს წესი ვერ უზრუნველყოფს სამართლიან პროცესს და იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონით გათვალისწინებულ ნორმებს, გაუმართლებლად უზღუდავს შესაძლებლობას – საკუთარი პროფესიული თუ სხვა უპირატესობების შესაბამისად იყვნენ შერჩეულნი“, – ამბობს ლომჯარია.
სახალხო დამცველის თქმით, მათ მიერ წარმოებულმა მონიტორინგმა რამდენიმე გარემოება გამოავლინა, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები წინასწარ შეთანხმებულ კანდიდატთა მხარდაჭერის მიზნით ურთიერთშეთანხმებითა და კოორდინაციით მოქმედებდნენ.
საქმე მოულოდნელად ძალიან საინტერესოდ შეტრიალდა. თუ უმრავლესობა ნოემბერში კონსულტაციებს და დეკემბერში მინიმუმ 10 მოსამართლის დამტკიცებას გეგმავდა, ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, შესაძლოა, ვერაფერი მოიმოქმედოს. საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 46-ე მუხლის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს, ხოლო სარჩელის მიღების შესახებ გადაწყვეტილება – 4 თვეს".
თუ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და პარლამენტს პროცესის შეჩერება მოსთხოვა, მაშინ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ვეღარ აირჩევს. თუმცა, ალბათ, პროცესს დამატებით ელფერს ისიც მატებს, რომ თავად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატია.
სახალხო დამცველის ნაბიჯს დაგვიანებულად მიიჩნევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.
ის ომბუდსმენს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ახლა ნინო ლომჯარია ვერავითარ გავლენას ვეღარ მოახდენს ამ პროცესზე, მაშინ, როცა ის და ნაზი ჯანეზაშვილი გამუდმებით სთხოვდნენ ლომჯარიას, პროცესში ადრევე ჩართულიყო.
თუ „ქართულ ოცნებას“ დასავლეთისთვის გულის მოსაგებად დასჭირდა, მას შეუძლია ლომჯარიას სარჩელი საბაბად გამოიყენოს და პროცესი გადადოს. ფაქტია, რომ გასაუბრებებზე ბევრი კანდიდატი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილს მიაჩნია, რომ მოსამართლეებისთვის კენჭისყრა უნდა გაიმართოს პარლამენტში, თუმცა ვიცე-სპიკერი არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა ხმა მისცეს მოქმედ მაღალჩინოსნებს, მათ შორის შალვა თადუმაძეს.
მოკლედ, ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში გაირკვევა, რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი გუნდი, ანუ ბიძინა ივანიშვილი.