ლავროვი: სომხეთთან ბიოლაბორატორიების თაობაზე მემორანდუმი მზადაა

მოსკოვს იმედი აქვს, რომ მემორანდუმს ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება, რაც დამატებით შესაძლებლობას შექმნის ბიოუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის.
Sputnik

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. სომხეთის ბიოლაბორატორიაში რუსი სპეციალისტების დაშვების შესახებ მემორანდუმზე მოლაპარაკებები დასრულებულია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სომეხ კოლეგასთან ზოგრაბ მნაცაკანიანთან ერთობლივ ბრიფინგზე, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სომხეთს 10 ნოემბერს ეწვია ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით. მან უკვე გამართა მოლაპარაკებები ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეები იმსჯელებენ ორ- და მრავალმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე რეგიონული უსაფრთხოების პრობლემებსა და ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე.

„დღეს ჩვენ მთლიანობაში აღვნიშნეთ, რომ მემორანდუმის ტექსტზე მოლაპარაკებები დასრულებულია, დოკუმენტი უწყებათშორის შეთანხმების ეტაპს გადის“, – განაცხადა ლავროვმა. 

მისი თქმით, მოსკოვს იმედი აქვს, რომ მემორანდუმს ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება, რაც დამატებით შესაძლებლობას შექმნის ბიოუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის. 

ონიშჩენკო: ლეგენდა ლუგარის ლაბორატორიაზე არცთუ დამაჯერებელია

მინისტრმა აღნიშნა, რომ „უახლოეს პარტნიორებთან“ ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენებას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

„არსებობს ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენცია, რომელიც კრძალავს ამ სახის იარაღის შექმნას. და ამ კონვენციაში, აშშ-ის კატეგორიული წინააღმდეგობის გამო, არ არსებობს საიდენტიფიკაციო მექანიზმი, როგორც ეს სხვა მრავალმხრივი დოკუმენტების შემთხვევაშია“, — განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, აშშ-ს ურჩევნია შექმნას „მის ინტერესებს მორგებული“ ბიოლაბორატორიები ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. ხოლო მოსკოვი დაინტერესებულია იმით, რომ ამ საკითხში მოკავშირეებთან სრული გამჭვირვალობა არსებობდეს.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოგრაბ მნაცაკანიანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ბიოლოგიური უსაფრთხოების საკითხი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რომ სომხეთმა გასულ წლებში შეძლო პარტნიორებთან თანამშრომლობით განემტკიცებინა ამგვარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმი.

აღსანიშნავია, რომ რეფერენს-ლაბორატორიები რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის ტერიტორიაზე მუშაობს: 2010 წლიდან – უკრაინაში, 2011 წლიდან — საქართველოში, 2016 წლიდან კი — ყაზახეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და უზბეკეთში.