ოჯახური ძალადობა ახმეტაში: ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა მიესაჯა

სასამართლომ დაკავებულო მამაკაცი წარდგენილ ბრალდებაში  სრულად ცნო დამნაშავედ და ერთი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
Sputnik

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოძიებით დადგინდა, 2019 წლის 23 თებერვალს და 20 მარტს ახმეტაში, გ.მ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ.ნ.-ს.

დეპუტატი სოფო კილაძე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა

ასევე დადგინდა, რომ გ.მ. ლ.ნ-ს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას. 

„მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126' მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 126' მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”, - ნათქვამია განცხადებაში.

თელავის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულო მამაკაცი დამნაშავედ ცნო და ერთი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სამართალდამცველებმა მამაკაცი 2019 წლის 25 მარტს ახმეტაში დააკავეს.