„მე პირადად არ მომწონს“: გია ვოლსკი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაღების იდეას ემიჯნება

8 ნოემბერს ფილმის საპრემიერო ჩვენებას თბილისსა და ბათუმში არეულობა მოჰყვა, რა დროსაც პოლიციამ 25 ადამიანი დააკავა დედაქალაქში, სამი კი ბათუმში
Sputnik

თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაღების იდეას ემიჯნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სკანდალური კინოჩვენების პირველი სეანსი დასრულდა: ბათუმში ერთი პირი დააკავეს >>

რამდენიმე დღეა, რაც თბილისში ლევან აკინის შვედურ-ქართული დრამის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები იმართება.

ვოლსკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გადაღების იდეა არ მოსწონს, აქვს პასუხისმგებლობაც, რომ საზოგადოებაში არ მოხდეს დაპირისპირება, რომელიც კანონს გასცდება.

„მე პირადად არ მომწონს, თავიდან ბოლომდე ვემიჯნები ასეთი ფილმის გადაღების იდეას, როგორც პიროვნება, მაგრამ პასუხისმგებლობაც მაქვს, რომ საზოგადოებაში არ მოხდეს ისეთი ჯახი, რომელიც კანონს გადააბიჯებს“, - განაცხადა მან.
სკანდალური ფილმი: თბილისში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გააპროტესტეს - ფოტო

8 ნოემბერს  ფილმის საპრემიერო ჩვენებას თბილისსა და ბათუმში არეულობა მოჰყვა, რა დროსაც პოლიციამ 25 ადამიანი დააკავა დედაქალაქში, სამი კი ბათუმში. გარდა ამისა, სამართალდამცველები მუშაობენ იმ პირთა დადგენაზე, რომლებიც კინოთეატრებში ნაღმების თაობაზე ცრუ სატელეფონო ზარებს ახორციელებდნენ.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ქართულ-შვედური ფილმია, რომელიც შვედეთმა „ოსკარის“ პრეტენდენტად დაასახელა. ფილმი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება.

„ამირანთან“ ანა სუბელიანს თავს დაესხნენ – დაზარალებული კლინიკაში გადაიყვანეს – ფოტოები >>

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director"s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა.

მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კანის ფესტივალის „გამაოგნებლად ნიჭიერთა" ნუსხაში შეიყვანეს ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი, უილიამ დეფო, რობერტ პატინსონი.