„ბასიანი“ საგასტროლოდ აშშ-ში გაემგზავრება

პრინსტონის უნივერსიტეტში გამართულ კონცერტზე არტისტები ადგილობრივ გუნდთან ერთად ორ ქართულ ხალხურ სიმღერას შეასრულებენ
Sputnik

თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. ცნობილი ქართული ხალხური სიმღერების სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ (Basiani) საგასტროლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება, არტისტები კონცერტებს ნიუ-იორკში, კალიფორნიასა და პრინსტონში გამართავენ.

ანსამბლი საგასტროლოდ აშშ-ში 11 ნოემბერს გაემგზავრება და იქ 20 ნოემბრამდე გასტანს. ამ ტურის ფარგლებში ანსამბლი კონცერტების გარდა, ვორკშოპებს ჩაატარებს. კერძოდ, პრინსტონის უნივერსიტეტში არტისტებს ელოდება 90-კაციანი გუნდი. სწორედ მათ შეასწავლიან ანსამბლის წევრები ორ ქართულ ხალხურ სიმღერას. შემდეგ კი ეს სიმღერები გუნდთან ერთად კონცერტზე შესრულდება.

დათო ხუჯაძე ლოს-ანჯელესში კონცერტს გამართავს

„ბასიანის“ ერთ-ერთი კონცერტი გაიმართება ნიუ-იორკის უმსხვილეს კულტურულ ცენტრში - ლინკოლნ-ცენტრში, სადაც საღამო მუსიკალური ფესტივალ White Light festival-ის ფარგლებში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ლინკოლნ-ცენტრში ანსამბლი უკვე მეოთხედ წარდგება. „ბასიანის“ პირველი გამოსვლა ლინკოლნ-ცენტრში 2010 წელს შედგა Alice Tully Hall-ის სცენაზე ცნობილი ფრანგი პიანისტის, პიერ-ლორან ემარის ინიციატივით. ამის შესახებ წერდნენ ისეთი ცნობილი გამოცემები, როგორიცაა New York Times და Wall Street Journal. იმ დროიდან ლინკოლნ-ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს „ბასიანთან“ და პერიოდულად უთმობს მას თავის სცენას.

ანსამბლი „ბასიანი" 2000 წელს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდის სოლისტების მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს მხარდაჭერით დაარსდა. კოლექტივმა რამდენიმე CD-დისკი გამოუშვა, ის სასულიერო მუსიკის დიდ საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გასტროლებზე დადის.

ანსამბლის რეპერტუარშია ძველი — ქართული, ბიზანტიური და სირიული ტრადიციული საგალობლები და ხალხური სიმღერები. ამჟამად „ბასიანი" ქართული პოლიფონიური სიმღერების სრული ანთოლოგიის ჩაწერაზე მუშაობს.

„ბასიანი" — სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის დასახელებაა, რომელიც ამჟამად თურქეთის შემადგენლობაში შედის.

გასტროლები აშშ-ში განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.