სახალხო დამცველი: უმჯობესი იქნებოდა, პოლიციას „ამირანთან“ აგრესიული ჯგუფები არ მიეშვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნებოდა, პოლიციას აგრესიულად განწყობილი ჯგუფები არ მიეშვა კინოთეატრის შესასვლელის სიახლოვეს და კორდონი უფრო შორს მოეწყო
Sputnik

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ძალადობას ჰყავდა ორგანიზატორები და წამხალისებლები, იყო წინასწარ დაანონსებული და იყო მოწოდებები ძალადობისკენ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოსეანსის ჩაშლის მცდელობას.

არეულობა სკანდალური კინოჩვენების გამო: შსს განცხადებას ავრცელებს >>

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ დაზარალებული სამოქალაქო აქტივისტი, ანა სუბელიანი საავადმყოფოში მოინახულეს.

სახალხო დამცველი დამამძიმებელ გარემოებებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ გამოძიებამ პასუხისმგებლობის განსაზღვრის დროს დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ დანაშაულზეც უნდა იმსჯელოს, და რომ ანა სუბელიანმა სწორედ მისი განსხვავებული შეხედულების გამო მიიღო დაზიანებები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნებოდა, პოლიციას აგრესიულად განწყობილი ჯგუფები არ მიეშვა კინოთეატრის შესასვლელის სიახლოვეს და კორდონი უფრო შორს მოეწყო, რათა მოძალადეებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს შორის მეტი დაშორება და მეტი უსაფრთხო სივრცე ყოფილიყო“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბათუმში ვითარება დაიძაბა: „აპოლო“ სკანდალური ფილმის ჩვენებას იწყებს

ნინო ლომჯარიას განმარტებით, ასევე შესასწავლია პოლიციელთა ქმედებები მოქალაქეთა დაცვის თვალსაზრისით, ვინაიდან, ანა სუბელიანის ცნობით, როდესაც მას ემუქრებოდნენ, ის დახმარებას ითხოვდა პოლიციისგან, მაგრამ პოლიცია გულგრილი იყო მის მიმართ და შედეგად, ანამ ფიზიკური დაზიანება მიიღო.

პოლიციამ აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის ვინაობა შემთხვევის ადგილზევე დაადგინა და 35 წლის შ.შ. ბრალდებულის სახით დააკავა.

8 ნოემბერს, თბილისსა და ბათუმში, ექვს კინოთეატრში ყველა კინოჩვენება დაგეგმილ დროს დაიწყო. თუმცა, თბილისში კინოთეატრ „ამირანის“ და „თბილისი გალერის“ ტერიტორიაზე კინოთეატრ „კავეას“, ხოლო ბათუმში კინოთეატრ „აპოლოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით ასობით მოქალაქე შეიკრიბა, რომელთა მხრიდან რამდენიმე ინციდენტი მოხდა. კინოთეატრებთან გვიან ღამემდე პოლიციის გაძლიერებული ძალები იყო მობილიზებული.

პროტესტების ფონზე: სკანდალურმა ფილმმა კიდევ ერთი ჯილდო მიიღო >>

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით სულ 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ანა სუბელიანის გარდა, ფიზიკური ძალადობა განხორციელდა ასევე „რესპუბლიკური პარტიის“ წევრ დავით ბერძენიშვილის მიმართ.