ტელეწამყვანი მაია ასათიანი Instagram-ზე დის ფოტოს აქვეყნებს. ვერონიკა კალანდარიშვილს თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ვერონიკა მაია ასათიანის ნახევარდა გახლავთ.
საზოგადოებას ის განახლებული სერიალიდან „შუა ქალაქში“ ახსოვს, სადაც პრანჭია და ამავე სერიალის ერთ-ერთ გმირზე შეყვარებულ ნუცას თამაშობდა.
ერთ-ერთ ინტერვიუში ვერონიკა ამბობდა, რომ მაია ასათიანს, რომელიც მასზე 15 წლითაა უფროსი, დეიდის ფუნქციები აქვს თავზე აღებული.
„როცა მსახიობობა გადავწყვიტე, ოჯახში მხარს არავინ მიბამდა, არავის უნდოდა ჩემი მსახიობობა, მათ შორის არც მაიას, უნდოდათ უფრო პერსპექტიული პროფესია ამერჩია. ერთი პერიოდი თითქოს გადავიფიქრე კიდეც, მაგრამ ბოლოს, როცა გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა, ძალიან გამიჭირდა, დეპრესია დამემართა იმის გამო, რომ სამსახიობოზე არ ვაბარებდი. პირველი, ვინც მიხვდა, რომ პოზიციები უნდა დაეთმო, მაია იყო. მიუხედავად ამისა, რატომღაც მგონია, რომ ყველას უნდოდა მისაღებ გამოცდებზე ჩავჭრილიყავი, ამას ჩემთან არ ამბობდნენ, მაგრამ ალბათ გულში მაინც ასე ფიქრობდნენ“, – ამბობდა ვერონიკა.
ცოტა ხნის წინ მაია ასათიანი „პროფილის“ ახალ პრომოში განსხვავებული იმიჯით წარდგა მაყურებლის წინაშე – ის მთის მწვერვალზე დგას, სამხედრო ფორმა აცვია და თმაზე ნაწნავი აქვს. გადაცემის ახალ პრომოს მოჰყვა ტელემაყურებლის კომენტარები. მაია ასათიანს დაბრუნებას და ახალ სეზონს ულოცავდნენ და წარმატებას უსურვებდნენ.
ჟურნალისტის საავტორო გადაცემა გარკვეული პერიოდის მანძილზე ეთერში აღარ გადიოდა, როცა ორი წლის წინ მაია ასათიანის და ირაკლი მახვილაძის 18 წლის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე პარიზის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ნუცა მახვილაძე საფრანგეთში ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა. მომხდარი ტრაგედიის მერე მაია ასათიანი საკუთარ გადაცემას თვეების შემდეგ დაუბრუნდა.