საეკლესიო სკანდალი – საქართველოს ომბუდსმენი გამოძიებას მოითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მღვდელმსახურთა სკანდალური განცხადებები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
Sputnik

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საგამოძიებო ორგანოებს მღვდელმსახურთა სკანდალური განცხადებების გამოძიებისკენ მოუწოდა.

ოქტომბრის ბოლოს წმინდა სინოდის წევრმა, მეუფე პეტრემ (ცაავა) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მამათმავლობის მფარველობაში დაადანაშაულა, ერთი კვირის შემდეგ კი საფრანგეთში მცხოვრებმა მართლმადიდებელმა მღვდელმა გიორგი სხილაძემ სინოდის წევრის, წილკანისა და დუშეთის ეპისკოპოსის ზოსიმეს მამხილებელი ძველი წერილი გაავრცელა. საუბარია 30 წლის წინ სასულიერო სემინარიის სტუდენტ კახა კალაძის სექსუალურ შევიწროებაზე.

ილია მეორე: მადლობელი ვარ თანადგომისათვის

„ბოლო დღეებში სასულიერო პირები მედიის საშუალებით ახმოვანებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მათთვის ცნობილია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური შევიწროების შესაძლო ფაქტების შესახებ. საუბრებში ისინი ასევე აცხადებენ, რომ ეს მოქმედებები შეიძლება ჩადენილია არასრულწლოვნებთან მიმართებით", – განაცხადა ლომჯარიამ პრესკონფერენციაზე.

მისი სიტყვებით, აღნიშნული ინფორმაცია სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს.

„შესაბამისად, მოვუწოდებთ სამართალდამცველ ორგანოებს, დაინტერესდნენ თითოეული ინფორმაციით და დაიწყონ გამოძიება. ასევე მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ზემოთ აღნიშნულ შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე აქვს ინფორმაცია, დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის ორგანოებს", – აღნიშნა ლომჯარიამ.

სად აპირებს წასვლას პეტრე ცაავა: პატრიარქმა მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა

ომბუდსმენის აპარატმა რეაგირების თხოვნით უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

ლომჯარიას იმედი აქვს, რომ ადამიანები, რომლებიც ინფორმაციას ფლობენ, გადამოწმების მიზნით ინფორმაციას წარმოადგენენ. მისი სიტყვებით, კონფიდენციალობა უზრუნველყოფილი იქნება.

რაც შეეხება გიორგი სხილაძის მიერ გასაჯაროებულ 1988 წელს დაწერილ წერილს, კომენტარი ამასთან დაკავშირებით უკვე გააკეთა სემინარიის ყოფილმა სტუდენტმა. წერილობითი კომენტარის თანახმად, რომელიც კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს უცხოეთიდან გამოუგზავნა, იგი არ აპირებს "ბინძურ თამაშებში" ჩარევას. იქვე ნათქვამია, რომ სხილაძე მასთან შეუთანხმებლად მოქმედებდა.