ანსამბლი „ერისიონი" ახალ გრანდიოზულ შოუს წარმოადგენს

ეს შოუ უკვე იხილა დაახლოებით 600-მა მილიონმა ადამიანმა ჩინეთში, სადაც ანსამბლს 2019 წელს წარმატებული გასტროლები ჰქონდა.
Sputnik

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "ერისიონი" კომპანია Samsung-თან ერთად 28 ნოემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) სცენაზე ორსაათიან გრანდიოზულ შოუ-პროგრამას წარმოადგენს, იუწყებიან ორგანიზატორები.

წარმოდგენაში ჩართული იქნება ახალი ქორეოგრაფიული და მუსიკალური დადგმები, რომლებზეც ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი შერმადინ ჭკუასელი და მთავარი ქორეოგრაფი ეკა ჭკუასელი მუშაობდნენ.

შოუ უკვე იხილა დაახლოებით 600-მა მილიონმა ადამიანმა ჩინეთში, სადაც ანსამბლს 2019 წლის აგვისტო-სექტემბერში წარმატებული გასტროლები ჰქონდა. ამასთან ქართულმა ანსამბლმა პეკინში მონაწილეობა მიიღო საქართველოს კულტურის დღეებში.

ანსამბლი "ერისიონი" 1885 წელს დაფუძნდა. ამჟამად ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მსოფლიო პროექტია "ეთნოს" სტილში.