ქართველი ძიუდოისტი ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა

საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. ევროპის ჩემპიონი რუსეთის ნაკრები გახდა.
Sputnik

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ონისე სანებლიძემ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (U-23) დასკვნით დღეს ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩემპიონატი რუსეთის ქალაქ იჟევსკში გაიმართა.

სანებლიძე 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ფინალში ბელარუსის წარმომადგენელ დანიელ მუკეტესთან დამარცხდა. ქართველმა ძიუდოისტმა ასპარეზობა ტურნირზე მეორე რაუნდიდან დაიწყო და ფინალამდე დაამარცხა კარაპეტ ისოიანი (სომხეთი), პეტერ არვაი (უნგრეთი) და იელე სნიპე (ჰოლანდია).

სანებლიძის მიერ მოპოვებული მედალი საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეხუთე გახდა. მანამდე გაიმარჯვეს ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) და მარიამ ჭანტურიამ (-70), ხოლო ბრინჯაო მიიღეს ჯაბა პაპინაშვილმა და თემურ ნოზაძემ (ორივე -60 კგ).

ხუთი მედლის წყალობით საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე გავიდა რუსეთის ნაკრები (ათი მედალი: 4-3-3), ხოლო მეორეზე უნგრეთი (ხუთი მედალი: 3-0-2).