პროტესტი ჭყონდიდის ეპარქიაში: სასულიერო პირები ეპარქიას ტოვებენ

ამ ეტაპზე ეპარქიაში ინვენტარიზაცია და უძრავ-მოძრავი ქონების გადაბარების პროცესი მიმდინარეობს, რასაც, სასულიერო პირების განცხადებით, მინიმუმ ორი კვირა დასჭირდება.
Sputnik

თბილისი. 4 ნოემბერი – Sputnik. ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ (ცაავა), წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, იღუმენია თამარმა (გამყრელიძე) და ინჩხურის ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტრის წინამძღვარმა, მამა ანდრიამ (სარია) ეპარქია უკვე დატოვეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

წმინდა სინოდმა 31 ოქტომბერს მეუფე პეტრეს ჩამოართვა მიტროპოლიტის წოდება, სინოდის წევრობა და მონანიებისთვის მონასტერში გაგზავნა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მამათმავლობის მფარველობაში დასდო ბრალი. იმ დღესვე სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამიერიდან ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე გრიგოლი (კაცია) ჩაუდგება სათავეში, რომელიც მანამდე წალკის ეპისკოპოსი იყო.

ეპარქიის დატოვებამდე პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ სულის საცხონებლად სულიერი ცხოვრების გაგრძელებას აპირებს, რადგან სიკვდილამდე აღთქმა აქვს დადებული იესო ქრისტეს მორჩილებისა, სახარებისა, წმინდა მამათა სწავლებისა და მორჩილების აღსრულებას მხოლოდ რჯულის კანონის ფარგლებში გეგმავს. რაც შეეხება პატრიარქს, მამა პეტრეს თქმით, ის მას არ დაემორჩილება.

„სასჯელები დაწყებულია, სერიები დაწყებულია, მე მზად ვარ ნებისმიერი სასჯელისთვის. თეოლოგების მხრიდან მხილება მოხდა, მას სამგზის სირცხვილი უწოდეს. გაცემულია პასუხი... მე გავუგზავნე ქორეპისკოპოსს და ვთხოვე პატრიარქისთვისაც გაეგზავნათ, თუ რამდენად სამარცხვინო იყო განჩინება კანონიკურად. მთელი ცხოვრება სინანულით უნდა გავატარო და არასოდეს მავიწყდება სიტყვები იოანე ნათლისმცემლისა - „შეინანეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი". მიმაჩნია, რომ პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს. უნდა გაგრძელდეს, ან უნდა დავისაჯო ცილისწამებისათვის, ან დამტკიცდეს ჩემი ბრალდება კანონიკური სამართლის მიხედვით. ვაპირებ ბრძოლას სიწმინდისათვის, სამართლიანობისათვის, მართლმადიდებლობისათვის“, – განაცხადა ყოფილმა მიტროპოლიტმა.

პარალელურად ეპარქიაში ინვენტარიზაცია და უძრავ-მოძრავი ქონების გადაბარების პროცესი მიმდინარეობს, რასაც, სასულიერო პირების განცხადებით, მინიმუმ ორი კვირა დასჭირდება.

ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე პატრიარქის ბრძანებით მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე შიომღვიმის მონასტერში განწესდა. თუმცა მეუფე პეტრე მაინც აცხადებს, რომ შიომღვიმეში წასვლას არ აპირებს. მისი განცხადებით, ის სავარაუდოდ, თბილისში წავა.

 

ნიკა ლატარია