ახალქალაქში XIII საუკუნის სამლოცველო მეორედ დაარბიეს

მე-13 საუკუნის სამლოცველოს ვანქის ან ჩგნავორის სახელით იცნობენ. ამ სამლოცველოში ხულგუმოსა და ბავრას მოსახლობა ლოცულობს.
Sputnik

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებთან ხულგუმოსა და ბავრასთან ახლოს მდებარე სომხურ-ქართულ სამლოცველოში ხატები და რელიგიური ნივთები წელს უკვე მეორედ დააზიანეს, იუწყება სააგენტო „სამხრეთის კარიბჭე".

ვანდალიზმი ახალქალაქში – დარბეულია სამლოცველო და დაზიანებულია ხატები

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მისულ მრევლს ხატები დაზიანებული, საეკლესიო ნივთები კი ძირს დაყრილი დახვდა.

ვანდალიზმის პირველი ფაქტი 3 აპრილს მოხდა. სოფელ ხულგუმოსთან მდებარე სამლოცველო 2019 წლის აპრილში აკურთხეს. კურთხევიდან მალევე კი ხულგუმოს მცხოვრებლებს სამლოცველო დარბეული დახვდათ.

მე-13 საუკუნის სამლოცველოს ვანქის ან ჩგნავორის სახელით იცნობენ. ამ სამლოცველოში ხულგუმოსა და ბავრას მოსახლობა ლოცულობს.

სალოცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის 16 მაისს მიენიჭა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ან სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული ჯარიმით ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.