ზემო ლარსზე მრავალკილომეტრიანი საცობი წარმოიქმნა

სიტუაციას გზაზე აკონტროლებს პატრული, რომელიც მანქანების დიდი რაოდენობის გამო მათ ეტაპობრივად ატარებს
Sputnik

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საბაჟო-გამშვები პუნქტ „ყაზბეგი-ზემო ლარსისკენ“ მიმავალ გზაზე ინტენსიური მოძრაობის გამო ავტომობილების მრავალკილომეტრიანი რიგი წარმოიქმნა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

შაბათს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის აიკრძალა. მიზეზი ქარბუქი და ცუდი ხილვადობა გახდა.

ზემო ლარსი დღეს: მსუბუქი ავტომობილებისთვის გზა ჯერჯერობით გახსნილია

„დღეს გამოიდარა და ყველა, ვინც ამ ორი დღის განმავლობაში უამინდობის გამო საზღვარი ვერ გადაკვეთა, საბაჟო-გამშვები პუნქტისკენ გაემართა“, - განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ამჟამად საბაჟო პუნქტისკენ მიმავალი გზა გაწმენდილია და გახსნილია. სატვირთოებს არ უშვებენ, რათა გზა უფრო ძალიან არ გადაიტვირთოს, მაგრამ მსუბუქი ავტომობილების ნაკადი მაინც უზარმაზარია.

„ძალიან ბევრი მანქანაა, ამიტომ მათ ეტაპობრივად უშვებენ. სიტუაციას ადგილზე არეგულირებს პატრული. გზა გახსნილია და გაწმენდილია საზღვრამდე“, - აღნიშნეს დეპარტამენტში.

„ყაზბეგი-ზემო ლარსი“ ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის საზღვარზე.