ეთერ ლიპარტელიანმა რუსეთში ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში მოიგო

ქართველმა ძიუდოისტმა ქალმა ეთერ ლიპარტელიანმა იჟევსკში ევროპის ჩამპიონატზე რუსეთის წარმომადგენელ დანა ნაგუჩევას სძლია
Sputnik

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (U-23) იჟევსკში ოქროს მედალი მოიპოვა.

57 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამართული შეჯიბრების ფინალში ლიპარტელიანმა რუსეთის წარმომადგენელ დანა ნაგუჩევას იპონით მოუგო.

ლიპარტელიანის ოქროს მედლის გარდა, საქართველოს ნაკრების ყულაბას ჩემპიონატის პირველ დღეს კიდევ ორი ბრინჯაოს მედალი შეემატა.

მესამე ადგილი 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში დაიკავეს თემურ ნოზაძემ და ჯაბა პაპინაშვილმა.

ლიპარტელიანისთვის ეს გამარჯვება ამ სეზონზე უკვე მეოთხეა. ადრე ის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი იუნიორთა შორის გახდა, ასევე ევროპის იუნიორთა თასი მოიგო.

იჟევსკში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ნაკრებს წარმოადგენს ოთხი ძიუდოისტი. ჭაბუკებს შორის - ვლადიმერ ახალკაცი (-81 კგ), იმედა გოგოლაძე და მიხეილ ბექაური (ორივე -90 კგ), გოგონებს შორის - მარიამ ჭანტურია (-70 კგ).