ზედაზნის მონასტერთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ზედაზნის მონასტრის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი მსოფლიო ბანკმა დააფინანსა. ღირებულებამ დაახლოებით 3,4 მილიონი ლარი შეადგინა.
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. მცხეთის მუნიციპალიტეტში ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა, იუწყება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

ზედაზნის მონასტერი მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და ის მე-6 საუკუნეში ასურელი მამა იოანე ზედაზნელის მიერ არის დაარსებული.

გორთან წეროსხევის ტაძარი სრულად აღდგინეს

სარებილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

პროექტი ითვალისწინებდა როგორც გზის რეაბილიტაციას, ასევე ავტოსადგომისა და ეკლესიამდე მისასვლელი ბილიკის მოწყობას.

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა. რეაბილიტაციის ღირებულებამ დაახლოებით 3,4 მილიონი ლარი შეადგინა.

მუნიციპალური განვითარების ფონდში აღნიშნავენ, რომ ზედაზნის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

პროექტი 2018 წლის ივლისში დაიწყო.