ყოფილი სიდედრის მკვლელს ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯა: რა მოხდა ათონელის ქუჩაზე

განქორწინებით განაწყენებული მამაკაცი ყოფილი მეუღლის სახლში ღამის საათებში შეიპარა და ოჯახის წევრები მძიმედ დაჭრა.
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლისა და მისი მშობლების მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო და 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ყოფილი ცოლის დაჭრის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

შემთხვევა 2017 წლის 14 ნოემბერს ათონელის ქუჩაზე მოხდა.

სასამართლოზე დამტკიცდა, რომ ბოროტმოქმედი ღამის საათებში შეიპარა ყოფილი მეუღლის სახლში და განქორწინებით განაწყენებულმა მძინარე ქალი დანით დაჭრა. ამის შემდეგ ოთახში დასახმარებლად შესულ მის მშობლებს დაესხა თავს და ოჯახის სხვა წევრების თვალწინ განსაკუთრებული სისასტიკით მიაყენა ჭრილობები.

ჭრილობების სიმძიმის გამო ყოფილი სიდედრი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ყოფილი მეუღლისა და მისი მამის გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა დამნაშავე 2019 წლის 5 თებერვალს თბილისში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული წარსულში თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის, თაღლითობისთვის, ცემისა და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის იყო ნასამართლევი.