„პრო-სერვისი": კიბერშეტევები ვებ-გვერდებზე დიდი ხნის წინ მომზადდა

ქართული ჰოსტინგური კომპანია „პრო-სერვისის" დირექტორი, მიუხედავად მასობრივი კიბერშეტევისა, აცხადებს, რომ საქართველო კარგად არის დაცული.
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. მასშტაბური კიბერშეტევა საქართველოს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ვებ-გვერდებზე დეტალურად იყო დაგეგმილი, განუცხადა ქართული ჰოსტინგური კომპანია „პრო-სერვისის" (Pro-Service) დირექტორმა რევაზ ნატროშვილმა „Sputnik-საქართველოს".

„TV პირველს“ კიბერშეტევისას სერვერებიდან გატაცებული ინფორმაციის გამოქვეყნებით დაემუქრნენ>>

ორშაბათს ჰაკერებმა, წინასწარი ინფორმაციით, ასობით ვებ-გვერდს შეუტიეს და დააზიანეს ტელეკომპანია „იმედისა" და „მაესტროს" სერვერები. ბევრი სამთავრობო და კერძო სტრუქტურის ვებ-გვერდზე ოფიციალური პირველი გვერდების ნაცვლად ჰაკერებმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოაქვეყნეს წარწერით I'll be Back („მე დავბრუნდები").

„ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ეს დიდი ხნის წინ იყო ჩადებული და აამოქმედეს როგორც ნელი მოქმედების ნაღმი, როცა დასჭირდათ", – განაცხადა ნატროშვილმა.

მისი თქმით, კიბერშეტევა დილის 11 საათზე დაიწყო და უკვე 17:30 საათზე ყველა სახელმწიფო ვებ-გვერდი Pro-Service-ის სერვერებზე აღდგენილი იყო, ხოლო შუაღამის შემდეგ, სამშაბათს, 03:00 საათისთვის დანარჩენმა ვებ-გვერდებმა ჩვეულ რეჟიმში დაიწყეს მუშაობა.

„ეს ყველას პასუხისმგებლობაა" - გომელაური მასობრივ კიბერშეტევაზე

ჰოსტინგი დაახლოებით 200 სახელმწიფო ვებ-გვერდს ემსახურება. ჰაკერებმა აქედან ნახევარს შეუტიეს.

ნატროშვილი მიიჩნევს, რომ მომხდარი საქართველოს კიბერუსაფრთხოებაში ხარვეზებზე არ მიუთითებს.

„არა მხოლოდ ჩვენი სერვერები, არამედ რამდენჯერმე შეუტიეს ამერიკის მთავრობის სერვერებს, ასევე ნატოს სერვერებს რამდენჯერმე და ა.შ. ანუ, თავს არ ვიმართლებ, მაგრამ ასეთი რამ მთელ მსოფლიოში ხდება. ასე რომ, იმის თქმა, რომ დაცული არ ვართ, არ შეიძლება... იპოვეს ისეთი, რომელმაც რაღაც „ხვრელი" იპოვა. ეს ხარვეზები ჩვენ ვიპოვეთ და გამოვასწორეთ", – განაცხადა ნატროშვილმა.

შსს: ვებ-გვერდებსა და სერვერებზე შეტევა შეიძლება უცხოეთიდან მოხდა>>

მასობრივ კიბერშეტევასთან დაკავშირებულ გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.