თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ესპანეთში დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსნის“ ქართული გამოცემის გრაფიკული ვერსიისა და ესპანური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწებლის პირველი არხი.
პრეზენტაცია ესპანეთის ოფიციალურ ბეჭდვით სააგენტოში BOE ესპანეთი-საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და მალაგის უნივერსიტეტის გამომცემლობის მხარდაჭერით ჩატარდა.
პრეზენტაციაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ესპანეთში საქართველოს ელჩმა, ილია გიორგაძემ და სააგენტოს დირექტორმა, მანუელ ტუერო სეკადესმა.
ელჩმა გამოსვლაში ისაუბრა ვეფხისტყაოსნის ეროვნულ ფასეულობასა და თამარ მეფის ეპოქაზე. მალაგის უნივერსიტეტის გამომცემლობის ხელმძღვანელმა, როსარიო მორენომ ყურადღება გაამახვილა პოემის ლიტერატურულ ღირებულებასა და ესპანური თარგმანის ახალი გამოცემის მნიშვნელობაზე.
ამასთან, პრეზენტაციის ფარგლებში მოეწყო პოემის პროლოგის კითხვა ესპანურ და ქართულ ენებზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ესპანეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ესპანეთის აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.