მოსკოვის გამზირზე არსებული სკვერი ახალ სიცოცხლეს შეიძენს

მერის სიტყვებით, ქალაქში მწვანე სივრცეების არსებობა დედაქალაქისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია.
Sputnik

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. მოსკოვის გამზირზე არსებული დიდი სკვერი ახალ სიცოცხლეს შეიძენს – ხეივნის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით პროექტზე მუშაობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიის შესაბამის სამსახურებს დაავალა, ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

სკვერი ოთხ ჰექტარ ტერიტორიაზე მდებარეობს. კალაძის სიტყვებით, პარკის განახლების სამუშაოები 2020 წლიდან დაიწყება.

„არაერთხელ მითქვამს, რომ ქალაქში მწვანე სივრცეების არსებობა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ყველა ხედავს, თუ რამდენად დიდი ყურადღება ეთმობა იმას, რომ არსებული პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია განვახორციელოთ და ახალი საქალაქო პარკების მშენებლობა მოხდეს", – აღნიშნა მერმა.

კახა კალაძემ ვეტერანთა კულტურის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

კალაძის სიტყვებით, დედაქალაქი ყველაზე მეტად მწვანე სივრცეების შექმნას საჭიროებს. მოსკოვის გამზირზე სკვერის განახლების შემდეგ აღნიშნული ტერიტორიით არაერთი რაიონის მცხოვრები ისარგებლებს. იქ მოეწყობა ველობილიკები, საბავშვო მოედნები და დასასვენებელი ზონები.

„ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი იყოს ქალაქში. ხეივნის ირგვლივ საკმაოდ ბევრი ადამიანი ცხოვრობს და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სივრცე სამგორის რაიონში, სადაც მოქალაქეებს დასვენების შესაძლებლობა ექნებათ", – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გარდა ამისა, როგორც თბილისის მერმა განაცხადა, დიდ დიღომში, „ანბანის" სკვერში მცირე სავაჭრო ცენტრი აღარ აშენდება. აღნიშნულ ტერიტორიას გამოისყიდიან და კეთილმოაწყობენ.