რამდენი უნდა იყოს მინიმალური ხელფასი - პარლამენტში ინიციატივა შევიდა

საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედებს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიერ გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოცემული ბრძანებულება, რომლის შესაბამისადაც ქვეყანაში მინიმალური ხელფასი 20 ლარია.
Sputnik

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროფკავშირებმა პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინეს, რომელიც ქვეყანაში მინიმალური ხელფასის ოდენობის 320 ლარით განსაზღვრას ითვალისწინებს, განუცხადა Sputnik საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანმა.

„დღეს საქართველოს პარლამენტში დავარეგისტრირეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც საქართველოში მინიმალური ხელფასი 320 ლარით უნდა განისაზღვროს. მიგვაჩნია, რომ რადგან ქვეყანაში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საშუალო ხელფასი 1068 ლარია, მოქალაქის მინიმალური ხელფასი ამის 30 %-ს მაინც უნდა შეადგენდეს“ - აღნიშნა რაისა ლიპარტელიანმა.

მისივე თქმით, პროფკავშირების მიერ შემუშავებული ინიციატივა მინიმალური ხელფასის ოდენობის ყოველწლიურად გადახედვასაც ითვალისწინებს, რადგან ქვეყნის  ეკონომიკა ვითარდება.

დღის თემა: საქართველოში შესაძლოა ორ სამსახურში მუშაობა აიკრძალოს

რაისა ლიპარტელიანის განმარტებით, საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედებს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძის მიერ გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოცემული ბრძანებულება, რომლის შესაბამისადაც ქვეყანაში მინიმალური ხელფასი 20 ლარია.

პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის რაისა ლიპარტელიანის განცხადებით, ამ კანონის მიღება გავლენას მოახდენს იმ 130 000 დასაქმებულზე, ანუ დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ზე, რომელთა ხელფასიც თვეში 320 ლარზე ნაკლებია.

პროფკავშირების მიერ მომზადებულ ინიციატივას ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ გაერთიანება 1 თვის ვადაში 25 000 ხელმოწერის მოგროვებას შეძლებს.