თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. მასობრივ კიბერშეტევასთან დაკავშირებულ გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო და კერძო ვებ-გვერდებზე აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს-ი) და შსს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით, განუცხადა ჟურნალისტებს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
შსს: ვებ-გვერდებსა და სერვერებზე შეტევა შეიძლება უცხოეთიდან მოხდა>>
ორშაბათს ჰაკერებმა, წინასწარი ინფორმაციით, ასობით ვებ-გვერდს შეუტიეს და დააზიანეს ტელეკომპანია „იმედისა" და „მაესტროს" სერვერები. ბევრ სამთავრობო და კერძო სტრუქტურის ვებ-გვერდზე ოფიციალური პირველი გვერდების ნაცვლად ჰაკერებმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოაქვეყნეს წარწერით I'll be Back („მე დავბრუნდები").
„კიბერშეტევა ყველა ქვეყანაში ხდება – დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ბრიტანეთში, ევროპული ქვეყნები. კიბერშეტევა ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი მძიმე მიმართულებაა. იყო შეტევა, უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობს. ასევე ჩართულები არიან პარტნიორები, საზღვარგარეთიდან ჩვენი მეგობრები და ვფიქრობთ, გავლენ ბოლოში და დადგინდება", - განაცხადა გომელაურმა.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ „ეს ყველას პასუხისმგებლობაა, როგორც შსს-სი, ასევე უსაფრთხოების. ვმუშაობთ ამ თემაზე. ის, რომ დაცული იყო თუ არა".
უფრო ადრე შსს-ში განაცხადეს, რომ კიბერშეტევის სტილი თითოეულ შემთხვევაში იდენტური იყო. შსს ახორციელებს ყველა იმ პირის გამოკითხვას, ვინც შესაძლოა, გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს, ასევე, სწავლობს ტექნიკას. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.