თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. თუშეთის ეროვნული პარკი მოხვდა იმ კულტურულად მნიშვნელოვანი ობიექტების მსოფლიო ფონდის ნუსხაში, რომლებიც შენარჩუნებასა და რესტავრაციას საჭიროებენ, აღნიშნულია ორგანიზაციის World Monuments Fund ვებგვერდზე.
ძეგლთა მსოფლიო ფონდი (WMF) - არის არაკომერციული, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 1965 წელს ნიუ-იორკში მსოფლიოს ყველაზე ღირებული ძეგლების გადასარჩენად შეიქმნა. ფონდის საქმიანობა ეძღვნება ისტორიული არქიტექტურისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების შენარჩუნებას მთელ მსოფლიოში.
ფონდის ჩამონათვალში 2020 წელს შევიდა 25 ისტორიული და კულტურული ობიექტი 22 ქვეყნიდან. სულ 23 წლის განმავლობაში ამ სიაში 836 ობიექტი მოხვდა. ნუსხა წელიწადში ორჯერ ივსება.
ნომინაციაში მოხვედრილი ძეგლები დაფინანსებისა და დაცვისათვის იბრძოლებენ. 1996 წლიდან მოყოლებული ფონდმა ამ მიზნით 110 მლნ დოლარი გამოყო. ამას ემატება 300 მლნ დლარი, რომელიც პროგრამის ფარგლებში სხვა სპონსორებმა გაიღეს.
„ჩვენ ხშირად ვიხილავთ მემკვიდრეობის ყველაზე ფასულ ობიექტებს, როგორც რაღაც სავალდებულოს. და იმ მნიშვნელობას, რომელსაც ისინი ჩვენი იდენტობისთვის წარმოადგენენ, მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებთ, როდესაც საფრთხე ექმნებათ“, - მოჰყავს ფონდის გენერალური დირექტორის ბენედიქტ დე მონტლერის სიტყვები CNN Travel-ს.
როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, ძეგლთა მსოფლიო ფონდი ისწრაფვის, თავისი წვლილი შეიტანოს თუშეთში მდგრადი ტურიზმის განვითარებაში, წეს-ჩვეულებების აღდგენაში, ამასთანავე, რეგიონის მცხოვრებთა ინტერესების შესაბამისად, მის განვითარებაში.
გლდანის ციხესთან ნაპოვნი უძველესი არტეფაქტები შესაძლოა ელინისტური ეპოქისა იყოს >>
თუშეთთან ერთად ფონდის სიაში მოხვდნენ ხანძრის შედეგად ძლიერ დაზიანებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, რაპანუის ეროვნული პარკი (ჩილე), აშშ-ის დათვის ყურის ძეგლი (იუტას შტატი), ბაზარი პაკისტანის ქალაქ ლაჰორში, ტრადიციული სახლები ბუხარაში (უზბეკეთი).
რით არის ცნობილი თუშეთის ეროვნული პარკი?
2003 წელს დაფუძნებული თუშეთის ეროვნული პარკი საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე დიდი დაცული ტერიტორიაა, რომელშიც შედის ლანდშაფტური და ბუნებრივი ნაკრძალები. ტერიტორიის საერთო ფართობი 122 ათასი ჰექტარია.
თუშეთის ბუნება ძალიან მრავალფეროვანია, აქ დაახლოებით 1062 სახეობის მცენარეს შეხვდებით. ფიჭვი ზღვის დონიდან 700-2000 მეტრის სიმაღლეზე იზრდება და ფიჭვნარის საერთო ფართობი დაახლოებით 15 ათას ჰექტარს მოიცავს. ხოლო ზღვის დონიდან 1700-2400 მეტრის სიმაღლეზე არყნარი ტყეებია.
პარკის ტერიტორიაზე, დაუზუსტებელი მონაცემებით, გავრცელებულია: ძუძუმწოვართა 60 სახეობა, 120-მდე სახეობის ფრინველი, რეპტილიების 3 სახეობა, ამფიბიების 6 და თევზის ერთი სახეობა. მსხვილჩლიქოსანთა ცხოველებიდან თუშეთის ტყეებში ბინადრობს შველი და ირემი. მეზობელი დაღესტნის ტერიტორიიდან თუშეთში ხშირად გადმოდის გარეული ტახი.
თუშეთის ტყეებში ძალიან ბევრი მტაცებელი ცხოველია - პრაქტიკულად ყველგანაა შესაძლებელი მელიისა და მგლის ნახვა. თუშეთში შავი დათვი, ფოცხვერი, კურდღელი, ჯიხვიც მრავლადაა. მდინარეები სავსეა კალმახით.
თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე 11 მარშრუტია, რომელთა წყალობითაც ტურისტებს შეუძლიათ ეზიარონ თუშეთის უნიკალურ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას და დატკბნენ ბუნებრივი ლანდშაფტებით. ტურისტული სეზონი თუშეთში რამდენიმე თვეს გრძელდება - ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით.