სავალალო სტატისტიკა: ცხრა თვეში არასრულწლოვანზე მოძალადე 114 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დროის ამავე პერიოდში სექსუალური ძალადობის 306 შემთხვევა იქნა დარეგისტრირებული
Sputnik

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში 2019 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობისთვის 114 პირი მიეცა პასუხისმგებლობაში, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, დროის ამავე პერიოდში სექსუალური ძალადობის 306 შემთხვევა იქნა რეგისტრირებული და საერთო ჯამში 152 დამნაშავე მიეცა პასუხისგებაში, რომელთაგანაც 114 ბოროტმოქმედი არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულში ამხილეს, ხოლო დანარჩენი 38 - სრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის.

რაც შეეხება 2018 წლის სტატისტიკას, უწყების ინფორმაციით წინა წლის 9 თვეში, სექსუალური ძალადობის ბრალდებით პასუხისმგებლობა 127 პირს დაეკისრა, რომელთაგანაც 101 არასრულწლოვანზე ძალადობაში იქნა მხილებული, ხოლო დანარჩენი 26 პირი - სრულწლოვანის მიმართ ჩადენილ დანაშაულში.

გორში 20 წლის კაცი არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს>>

„2018 წელთან შედარებით, გარყვნილი ქმედებების ჩადენის ფაქტებზე მსხვერპლის მიერ აღიარების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

შსს საზოგადოებასაც მიმართავს და მოუწოდებს რომ დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული სექსუალური დანაშაულის შესახებ.