1 იანვრიდან საქართველოს „ბაიკერი" ექიმები მოემსახურებიან

პირველ ეტაპზე, ჯანდაცვის უწყება ჯამში 20-მდე სპეციალური მოტოციკლის და ელექტროავტომობილის შესყიდვას აპირებს
Sputnik

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. სამედიცინო განათლების მქონე სპეციალისტები (პარამედიკოსები) გამოძახებაზე მოტოციკლით ივლიან, იუწყება ქართული მედია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებაზე დაყრდნობით.

პარამედიკოსები მოტოციკლებით გამოძახებაზე იმ შემთხვევაში გავლენ, თუ პაციენტი რთულად მისაწვდომ ლოკაციაზე იმყოფება და მას პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა ესაჭიროება, საჭიროების შემთხვევაში კი პაციენტს სასწრაფოს ეკიპაჟიც მოემსახურება.

პაციენტი სასწრაფო დახმარების მანქანიდან ისე გადავარდა, რომ ექიმებმა ვერ შენიშნეს – ვიდეო

გარდა მოტოციკლისა, ანალოგიური სერვისის გასაწევად დაგეგმილია ერთკაციანი ელექტრომობილების შესყიდვაც, რომელიც კონკრეტულად ბათუმის ბულვარისთვის იქნება განკუთვნილი.

თალაკვაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე, ჯანდაცვის უწყება ჯამში 20-მდე სპეციალური მოტოციკლის და ელექტროავტომობილის შესყიდვას აპირებს.

„ამ განახლებული სისტემის ჩაშვებას 112-ში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად პირველი იანვრიდან ვგეგმავთ. ბრიგადები პირველად დახმარებას გაუწევენ პაციენტებს და გადააბარებენ შემდგომ სასწრაფო დახმარების ავტომობილს", - განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, ერთკაციანი ელექტრომობილები ღია სივრცეებში მოწყობილ თავშეყრის ადგილებში, საკონცერტო ღონისძიებების ტერიტორიებზე, ბულვარებსა და სხვა მსგავსს ლოკაციებზე განთავსდება.

სასწრაფო დახმარება პაციენტებს ახლებურად მოემსახურება

რაც შეეხება სამთო კურორტებს, თალაკვაძის ინფორმაციით, წელს სამინისტრომ 12 ჯიპის ტიპის ავტომობილი შეისყიდა და ავტოპარკი სრულად არის განახლებული.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლება 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. ავტოპარკი 278 ახალი, სამედიცინო ინვენტარით სრულად აღჭურვილი სპეცმანქანით შეივსო.