თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, იუწყება პირველი არხი.
სახლის მცხოვრებლები, სადაც აფეთქება მოხდა, ბინებში დაბრუნებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ >>
თევდორე მღვდლის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქება გუშინ საღამოს, ხუთსართულიანი სახლის ბოლო სართულზე მოხდა. ამის შედეგად მინები ჩაიმსხვრა არა მხოლოდ ამ სახლში, არამედ მეზობლად მდებარე სახლებშიც. 77 წლის მამაკაცს დამწვარი აქვს ხელები, მკერდი და თავი.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, დაშავებულ მამაკაცს სერიოზული დაზიანებები აღენიშნება და ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, თუმცა დიაგნოზი საკმაოდ სერიოზულია. 35%, მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა, ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება და ბაროტრავმა. თუ გავითვალისწინებთ რა ვითარებაში მოხდა ასეთი დაზიანება, სავარაუდოდ გაზის საკმაოდ ძლიერი აფეთქებით, კიდევ საკმაოდ მძიმე პერიოდი წინ გვაქვს. ბუნებრივია, გარკვეული პერიოდი დარჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან საკმაოდ სერიოზული დაზიანებებით არის პაციენტი შემოსული“, – განაცხადა ქაშიბაძემ.
აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. კორპუსში ექსპერტები მუშაობენ, ამიტომ მცხოვრებლები ბინებში შესვლას ვერ ახერხებენ.
შსს-მ აღძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის მუხლით, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას. დანაშაული ისჯება ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოებით 2 წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით.