ჰაკერებმა ქართული ტელეარხები გათიშეს – ზარალი დიდია

ტელეარხი „იმედი“ ეთერში კიბერშეტევიდან 40 წუთის შემდეგ დაბრუნდა, „მაესტრომ“ მაუწყებლობა ჯერ კიდევ ვერ აღადგინა.
Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ჰაკერებმა საქართველოს მსხვილი ტელეკომპანიების „იმედისა“ და „მაესტროს“ ტექნიკა დააზიანეს.

დღეს საქართველოში მასშტაბური კიბერ-შეტევა განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ათასობით ვებ-გვერდს. ბევრ სამთავრობო და კერძო სტრუქტურის ვებ-გვერდზე ოფიციალური პირველი გვერდების ნაცვლად ჰაკერებმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოაქვეყნეს წარწერით I'll be Back ("მე დავბრუნდები").

„იმედი“ ეთერში გათიშვიდან 40 წუთის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა, როგორც ტელეარხის წარმომადგენლები აცხადებენ, იგი საგანგებო რეჟიმში მაუწყებლობს. ტექნიკის ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა, განადგურდა კომპიუტერები. წინასწარი მონაცემებით, ზარალი ძალზე დიდია.

„მაესტრომ“ მაუწყებლობა ჯერ კიდევ ვერ აღადგინა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.