საქართველოში კლდის ხელოვნების ასამბლეის საიუბილეო სხდომა გაიმართება

კულტურული პროგრამა, რომელიც პრეისტორიული კლდის ხელოვნებას ეძღვნება, მიზნად ისახავს „ევროპული ისტორიის უკეთეს ცოდნასა და გაგებას“
Sputnik

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველო 2020 წელს ევროპის საბჭოს „პრეისტორიული კლდის ხელოვნების მარშრუტის" მე-10 საიუბილეო გენერალურ ანსამბლეას უმასპინძლებს, ნათქვამია პროექტის Facebook-გვერდზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს იტალიაში მეცხრე გენერალური ასამბლეის სხდომაზე, რომელსაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დელეგაცია ესწრებოდა.

გორთან წეროსხევის ტაძარი სრულად აღდგინეს

შეხვედრის დროს ქართველმა ისტორიკოსებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია კლდის ხელოვნების სფეროში საქართველოს დაგეგმილი საქმიანობის და მიღწევების შესახებ.

„პრეისტორიული კლდის ხელოვნების მარშრუტი" არის ევროპის საბჭოს „კულტურული მარშრუტების“ პროგრამის ნაწილი, რომელიც 1987 წელს დაარსდა. პროგრამა „დროსა და სივრცეში მოგზაურობის გზით" ასახავს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებისა და კულტურების წვლილს საერთო კულტურულ მემკვიდრეობაში, ასევე მიზნად ისახავს კულტურათაშორისი დიალოგის დამკვიდრებას და „ევროპული ისტორიის უკეთეს ცოდნასა და გაგებას".

საქართველო მას 2016 წელს შეუერთდა, ამ ფორმატით ის 27-ე ქვეყანა გახდა. პროგრამა მოიცავს როგორც ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებს, ასევე არაწევრ სახელმწიფოებს.

ამჟამად, „კულტურული მარშრუტების" ჩამონათვალში შედის 38 მარშრუტი, რომელიც მოიცავს თემების ფართო სპექტრს, არქიტექტურისა და ლანდშაფტიდან რელიგიურ გავლენამდე, გასტრონომიიდან და არამატერიალური მემკვიდრეობიდან, ევროპული ხელოვნების, მუსიკისა და ლიტერატურის მთავარ ფიგურებამდე.