არასრულწლოვანი ცოლის ცემისთვის ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

ორივე ფაქტზე გამოძიება ოჯახში ძალადობის ბრალდებით მიმდინარეობს, რაც ორ  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik

თბილისი, 27 ოქტომბერი -  Sputnik. სამართალდამცველებმა ქობულეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს იუწყება აჭარის ტელევიზია.

მამა არასრულწლოვან შვილს დაქორწინებას აიძულებდა - დაკავებულია ერთი პირი

გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში 26 წლის მამაკაცმა არასრულწლოვან მეუღლეს ეჭვიანობის ნიადაგზე რამდენჯერმე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში არაერთგზის ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს 39 წლის მამაკაციც, რომელმაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოში, ურთიერთშელაპარაკებისას მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ორ  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.