თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. შოთა არველაძის საფეხბურთო კლუბმა „პახტაკორმა“ (ტაშკენტი) უზბეკეთის თასი მოიპოვა და „ოქროს დუბლი“ გააფორმა.
ტურნირის ფინალში არველაძის შეგირდებმა АГМК-ს ანგარიშით 3:0 მოუგეს. დედაქალაქის გუნდიდან სამი გოლი სერბმა შემტევმა დრაგან სერანმა გაიტანა.
გამარჯვების შემდეგ მწვრთნელმა კლუბის Facebook-გვერდზე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც „პახტაკორის“ წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.
„ყველას ვუხდი მადლობას შესრულებული სამუშაოსთვის. ასევე ვულოცავ ამ გამარჯვებას კლუბის ყველა თანამშრომელს, რომლებმაც უზარმაზარი სამუშაო ჩაატარეს. შემდეგ ტაშს ვუკრავ მოთამაშეებს, რომლებმაც მოიგეს ჩემპიონატიც და თასიც და არცერთი წაგება არ ჰქონდათ. ამ სეზონზე ჩვენ გავიტანეთ 102 გოლი და შემტევი ფესბურთი ვაჩვენეთ. ტრავმირებულმა მოთამაშეებმაც კი შეიტანეს საკუთარი წვლილი იმაში, რომ ერთი გუნდი ვყოფილიყავით“, - ნათქვამია განცხადებაში.
დაახლოებით ერთი თვის წინ ტაშკენტის „პახტაკორი“ უზბეკეთის საფეხბურთო პირველობის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე ქვეყნის ჩემპიონი მე-12-ჯერ გახდა. გასულ წელს ქართველი სპეციალისტის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა და ქვეყნის თასის ფინალში დამარცხდა.
არველაძემ მწვრთნელის კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჰოლანდიურ AZ-ში (Alkmaar Zaanstreek) ლუი ვან გაალის ასისტენტი იყო. ინდივიდუალური კარიერა 2010 წელს თურქეთში დაიწყო, მუშაობდა სამ კლუბთან: „ქაისერსპორი“, „ქასიმფაშა“ და „ტრაბზონსპორი“. ქართველი სპეციალისტის კარიერაში შემდეგი ეტაპი გახდა თელ-ავივის „მაკაბი“, შემდეგ კი, 2017 წელს არველაძე „პახტაკორს“ ჩაუდგა სათავეში.