ზუგდიდში სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამედროვე სტანდარტების შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის თქმით, მსგავსი დონის შენობა საქართველოში არსად არ არსებობს
Sputnik

თბილისი, 26 ოქტომბერი -  Sputnik. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ევროპული სტანდარტების შენობა გახსნა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

ზუგდიდში მდებარე ხუთსართულიანი შენობა 16 სახანძრო სამაშველო მანქანაზეა გათვლილი და  პირველი სახანძრო სამაშველო შენობაა საქართველოში, რომელშიც ვერტმფრენის დასაჯდომი სივრცე არსებობს.

ზუგდიდში სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამედროვე სტანდარტების შენობა გაიხსნა

შენობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველო, კოორდინაციის სამმართველო და ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული განყოფილება განთავსდება. ამასთან, შენობა  სავარჯიშო სივრცეს, გარდერობს, საძინებელს, სამზარეულოს და საშხაპე ოთახებს და სამედიცინო კაბინეტებს მოიცავს. შენობაში ასევე განთავსებულია ქოლ-ცენტრი.

„აქ დღეიდან ყოველდღიურად იქნება 20 მეხანძრე-მაშველი. იქნება ქიმიური უსაფრთხოების ზედამხედველობის დანაყოფებიც. ამ შენობაში ყველაფერი იქნება ერთად კონცენტრირებული. ეს იქნება ძალზედ ეფექტური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ ვებრძოლოთ ხანძარს“, - განაცხადა გახარიამ.
გახარია: ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი გახლავთ ეკონომიკის სწრაფი ზრდა

შენობის გახსნის ცერემონიას ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ესწრებოდა.

„რაც ვნახეთ, ასეთი შენობა საქართველოში მართლა არსად არ გვაქვს, უნიკალურია თავისი დეპოებით, თავისი მაღალი დონის ტექნიკით. აქ განთავსდება სახანძრო-სამაშველო სამსახური, ასევე, ქიმიურ-ბიოლოგიური მიმართულებით ვინც იმუშავებს. ეს ერთ-ერთი შენობაა, რომელსაც ვერტმფრენის დასაჯდომი აქვს და უსაფრთხოდ არის შესაძლებელი აქედან ადამიანების გადაყვანა სხვადასხვა მიმართულებით,  სამაშველო-სახანძრო ოპერაციების დროს... ვულოცავ ზუგდიდელებს და მთელ სამეგრელოს მივულოცავ და ხაზს ვუსვამ, რომ ასეთი შენობა საქართველოს მასშტაბით არ გვაქვს არსად“, - განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან.

 

ნიკა ლატარია