„მსურს, რომ ვიცოდე რა ხდება რეგიონში“ - გახარიამ ზუგდიდში ექიმებთან შეხვედრა გამართა

მთავრობის მეთაურის განცხადებით, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება მნიშვნელოვან სოციალურ ჯგუფებზე გარკვეული პასუხისმგებლობით იმოქმედოს.
Sputnik

 თბილისი, 26 ოქტომბერი -  Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სამეგრელო ზემო-სვანეთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა, ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესცენტრი ავრცელებს.

გიორგი გახარია ზუგდიდში ახალგაზრდებს შეხვდა

გახარიას განცხადებით, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება მნიშვნელოვან სოციალურ ჯგუფებზე გარკვეული პასუხისმგებლობით იმოქმედოს. მისივე განცხადებით, ესენი არიან პირველ რიგში პედაგოგები, ექიმები და სამართალდამცველები.

„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება მედიცინაში, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, ეს არის, რომ თქვენ უნდა იზრუნოთ ჩვენი პატარებისა და ასევე ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების ჯანმრთელობაზე. მეორე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სერიოზულ რესურსებს ხარჯავს ჯანდაცვაზე, ისევე როგორც სოციალურ კომპონენტზე და მესამე, იქ, სადაც დღეს ვართ, ამით კმაყოფილი არავინ არ არის“, - განაცხადა გახარიამ.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, თუ რა დასკვნები გაკეთდება დღევანდელი შეხვედრის შემდგომ, რა დავალებების, ცვლილებების მიღება მოხდება და რა კონკრეტული შედეგები იქნება შემდეგ მიღწეული.

ზუგდიდში სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამედროვე სტანდარტების შენობა გაიხსნა >>

„არანაირი წინსვლა არ იქნება, მიუხედავად იმისა, რა რაოდენობის ფინანსური რესურსიც არ უნდა ჩადოს სახელმწიფომ ჯანდაცვაში, თუ არ გვექნება ახლო კავშირი და არ გვეცოდინება საშუალო ტემპერატურა თქვენს საავადმყოფოებში როგორია. ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თქვენ ყოველდღიურად ზრუნავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ეს სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, მეტი გამოწვევები გვაქვს ამ მიმართულებით. მსურს, რომ ვიცოდე რა ხდება რეგიონში, სამეგრელოში და რა გამოწვევები გვაქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი, რათა ქვეყანაში ჯანდაცვის დონე შეესაბამებოდეს იმას, რასაც ქვეყანა და მოქალაქეები იმსახურებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელოს რეგიონში საზოგადოებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.