საქართველოს ეროვნული მუზეუმი პროექტს „ციფრული თბილისი“ მასპინძლობს

ფესტივალი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მედიამხატვრების სანახაობრივი შოუთი გაიხსნება
Sputnik

თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნული მუზეუმი პროექტს „ციფრული თბილისი“(Digital Tbilisi) მასპინძლობს, რომელიც ციფრული ხელოვნების მულტიმედიურ ფესტივალს წარმოადგენს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ეროვნული მუზეუმში   „ციფრული თბილისი"  დღეს დაიწყო და 28 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. გარდა ამისა, პროექტი დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება.

ფესტივალი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მედიამხატვრების სანახაობრივი შოუთი გაიხსნება. შემდეგ კი ღონისძიება პეტრიაშვილის ქუჩაზე ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს. 

ხელოვნება და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები – ფესტივალი თბილისში

ფესტივალის ბოლო დღეს, კვირას მაყურებელი ერთდროულად ორ პერფორმანსს იხილავს, რომელიც გაიმართება მტკვრის სანაპიროზე ღია ცის ქვეშ და ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში.

„ციფრული თბილისი“  (Digital Tbilisi) ფრანგული Scopitone-ის ანალოგია, რომელიც ქალაქ ნანტში უკვე 18 წელია ტარდება. ფესტივალი აერთიანებს მუსიკას, პერფორმანსებს, გამოფენებს, ტექნოლოგიებს, მეცნიერებას, მედიასა და ხელოვნებას. პროექტი  ადაპტირებულია ქართული სახელოვნებო სცენისთვის.

„ციფრული თბილისის“ მიზანია, ფრანგულ „სკოპიტონთან“ კოლაბორაციის შედეგად,  ქართველ ხელოვანებთან ერთად შეიქმნას საინტერესო კო-პროდუქცია საერთაშორისო სახელოვნებო სცენისთვის და პარალელურად, თბილისი ფესტივალის ფარგლებში, წლიდან-წლამდე საერთაშორისო არტისტებისთვის მიმზიდველ პროფესიულ ჰაბად იქცეს.