„დანერგე მომავალი“ : სახელმწიფომ პროგრამაში ცვლილებები შეიტანა

ბენეფიციარებისთვის ნერგების პირდაპირი იმპორტის გზით შეძენა სავალდებულო აღარ არის
Sputnik

 

თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, პროგრამის ბენეფიციარებს იმპორტირებული ნერგის შეძენა ადგილობრივი კომპანიებისგან შეეძლებათ, ნათქვამია საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

„დანერგე მომავალი“: გურჯაანში ახალი ინტენსიური კაკლის ბაღი გაშენდა

პროექტი „დანერგე მომავალი“, რომელიც 2015 წლიდან ხორციელდება, სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ შემადგენელი ნაწილია და ხეხილის ბაღების განახლება-გაშენებისათვის ფერმერების მიერ ნერგების შეძენის დაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან ითვალისწინებს. პროგრამის მიზანი მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენებაა.

„აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ბენეფიციარები მრავალწლიანი ბაღების გასაშენებლად ნერგების შეძენას პირდაპირი იმპორტის გზით ვერ ახერხებდნენ, მცირე რაოდენობის პროდუქციის რეალიზაციაზე უცხოური სანერგე მეურნეობები დაინტერესებას არ გამოხატავენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, ცვლილებები  კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტში შედის. ცვლილებების თანახმად,  ნერგების იმპორტს განახორციელებს  შუამავალი კომპანია,  რომელიც მოახდენს შეკვეთების კონსოლიდაციას და უცხოური სანერგე კომპანიისგან მინიმალური რაოდენობის ნერგების იმპორტს. გამომდინარე აქედან, ბენეფიციარებისთვის ნერგების პირდაპირი იმპორტის გზით შეძენა სავალდებულო აღარ არის.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 7 799 ჰექტარზეა გაშენებული; სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 43 მლნ ლარს აღემატება.