გახარია: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ეკონომიკის ზრდას შეაფერხებს

საქართველოს პრემიერმა ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის მიზეზებზე ისაუბრა.
Sputnik

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის მორიგი გაზრდა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ექვსი თვით შეაფერხებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან.

ოთხშაბათს რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით 8,5 პროცენტამდე გაიზარდა და უკვე ხუთშაბათს ეროვნული ვალუტის კურსი 0,0049 ლარით გაიზარდა. დღეისათვის ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,9661 GEL/$1-ია.

საქართველოში ინფლაცია 2020 წლის მარტიდან შემცირდება: ეროვნული ბანკის პროგნოზი

„ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანია ინფლაციის თარგეთირება. ეროვნული ბანკი თავის მანდატში ახორციელებს გარკვეულ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, ფაქტია და ეს არის მაკროეკონომიკის ლოგიკა, რომ ეს მომავალ წელს, დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას. თუმცა, რა თქმა უნდა, ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის", – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მთავრობის პრიორიტეტი მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაა.

ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი პირველად 4 სექტემბერს გაზარდა (6,5%-დან 7%-მდე), მეორედ – 25 სექტემბერს (7,5%-მდე). 27 სექტემბერს კი, როდესაც ლარმა ახალ ანტირეკორდს მიაღწია (2,9808 GEL/$1), ეროვნულმა ბანკმა თავისი რეზერვებიდან 40 მილიონი დოლარი გაყიდა. საქართველოს მთავრობამ ეს ნაბიჯი ეროვნული ვალუტის გასამყარებლად გადადგა, მაგრამ ამას მხოლოდ მოკლევადიანი შედეგი მოჰყვა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და მთავრობა ლარის გაუფასურებას „საგარეო შოკებს" უკავშირებენ.

რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.