თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ არღვლიანს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, იუწყება Sputnik საქართველოს კორესპონდენტი ადგილიდან.
შემთხვევა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში 20 ოქტომბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ძმამ ძმა ურთიერთდაპირისპირების ნიადაგზე მოკლა. გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით ყბისა და გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.
მოსამართლე ნატრული აკობიამ სრულად დააკმაყოფილა პროკურორის, მირანდა მუმლაძის შუამდგომლობა. მუმლაძის განმარტებით, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, არსებობს დაკავებულის მხრიდან მიმალვის საფრთხე.
რაც შეეხება ბესიკ არღვლიანს, იგი დანაშაულს აღიარებს. ბრალდებული აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვდა.
„დანაშაული მაქვს, ჩემი ბრალი იყო ყველაფერი. აღკვეთის ღონისძიების შეცვლა თუ შეიძლება პატიმრობის 10 ათას ლარად. იმიტომ გავიქეცი რომ თავი მომეკლა. მიმალვის საფრთხე არ არსებობს,"- განაცხადა ბესიკ არღვლიანმა სასამართლო სხდომაზე.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შემდეგი სასამართლო სხდომა 16 დეკემბერს გაიმართება.
ნიკა ლატარია