ხანძარი შატილში - სკოლა დროებით ამბულატორიის ახლადგარემონტებულ შენობაში განთავსდა

განათლების სამინისტრომ შატილის სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ყველა საჭირო სასკოლო ინვენტარით უკვე უზრუნველყო.
Sputnik

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს სწავლის გასაგრძელებლად დროებითი, ალტერნატიული ფართი გადაეცათ, ნათქვამია მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გახარია: შატილში ახალი სკოლა აშენდება

დუშეთის რაიონის სოფელ შატილში ერთადერთი სკოლა, რომელიც ზაფხულში გარემონტდა, 17 ოქტომბერს ხანძრის შედეგად დაიწვა. სკოლაში რვა ბავშვი სწავლობდა, რომელთაგან ხუთი სკოლა-პანსიონში ცხოვრობდა. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, სკოლის შენობაში სწავლის გაგრძელება შეუძლებელი აღმოჩნდა.

მას შემდეგ რაც გადაწყდა, რომ სკოლა დროებით ამბულატორიის ახალრეაბილიტირებულ შენობაში განთავსდება, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოსწავლეები და პედაგოგები ყველა საჭირო სასკოლო ინვენტარით უკვე უზრუნველყო.

ინციდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გამოეხმაურა, მისი განცხადებით შატილში ახალი სკოლის მშენებლობა კლიმატური პირობების მიხედვით შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში დაიწყება, რის შემდეგაც, სოფელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება.

მომხდარი ფაქტის გავრცელების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შატილში ახალი სკოლის აშენების ბრძანება გასცა. სკოლის მშენებლობას "მთის განვითარების ფონდი" დააფინანსებს.

პროექტის რეალიზაცია კლიმატურ პირობებზე იქნება დამოკიდებული. გახარიამ პირობა დადო, რომ შატილში აშენებული ახალი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება.