ლისის ტბაზე ასასვლელი გზა გაზაფხულზე გაიხსნება

პროექტის თანახმად, მოეწყობა ბეტონის ახალი ოთხზოლიანი საავტომობილო გზა, საყრდენი კედლები და წყალამრიდები, დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქსელი
Sputnik

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. დედაქალაქის მერი კახა კალაძე საბურთალოს რაიონში ახალი გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო, რომელიც მუხრან მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის გამზირს დააკავშირებს ერთმანეთთან,  ნათქვამია თბილისის მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროექტის თანახმად,  გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის (112) ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა" და „მათე მოტორსის" ყოფილ შენობას შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხზოლიანი იქნება.

გზების მშენებლობა გრძელდება: თბილისში ახალი სატრანსპორტო კვანძი გაჩნდება

„ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ეს არის მაჭავარიანის ქუჩასა და მარშალ გელოვანის გამზირს შორის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. იცით, როგორ ვითარდება მაჭავარიანის ქუჩისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია. მხოლოდ და მხოლოდ ორი მისასვლელი გზა აქვთ: ერთი - საბურთალოდან, ნუცუბიძის ქუჩიდან და მეორე - ვაშლიჯვრიდან, რომელიც საკმაოდ დატვირთულია. ეს ახალი პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტად განიტვირთოს მოძრაობა და ამ გზის მშენებლობის სახით, დამატებით ახალი პროექტი განხორციელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი სიტყვებით, კომპანიებს საკმაოდ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, რადგან მაჭავარიანის ქუჩასა და მარშალ გელოვანის გამზირის დონეებს შორის სხვაობა, დაახლოებით, 200 მეტრია. პროექტის თანახმად, მოეწყობა ბეტონის ახალი ოთხზოლიანი საავტომობილო გზა, საყრდენი კედლები და წყალამრიდები, დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქსელი.

საბურთალოს რაიონში ახალი გზის მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება. პროექტის ღირებულება 15 მილიონი ლარია.