კასპში მოკლული შვიდი თვის ჩვილის მამას ბრალი წაუყენეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მიხეილ დვალიშვილს შვიდიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik.  შვიდი თვის ბავშვის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ქმარს ბრალი წაუყენეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მკვლელობა მიმდინარე წლის მაისში კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში მოხდა, იმ სახლში, სადაც 16 წლის ბრალდებული თავის მეუღლესთან და 7 თვის შვილთან ერთად ცხოვრობდა. ბავშვის დედამ ის გვიან ღამით გაგუდა, თავად კი მიიმალა. ცხედარი გამთენიისას ბავშვის მამამ აღმოაჩინა. შვილის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი დედა 21 მაისს დააკავეს.

შვიდი თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ 16 წლის დედას ექვსი წლით პატიმრობა შეუფარდეს

გარდაცვლილი ბავშვის მამას, 21 წლის მიხეილ დვალიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც წინასწარი შეცნობით, 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის ურთიერთობას გულისხმობს.

შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის მაისში მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ბავშვის დედა 16 წლის იყო.

ბრალდებული დაკავებული არ არის. სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შესახებ სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მიხეილ დვალიშვილს შვიდიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რაც შეეხება ბავშვის დედას, მას გორის რაიონულმა სასამართლომ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა რვა წლით, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ეს ვადა ერთი მეოთხედით შეუმცირდა.