კასპში მოკლული შვიდი თვის ჩვილის მამა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა

მიხეილ დვალიშვილისთვის ბრალი დღეს წარედინა, მას 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. გორის რაიონულმა სასამართლომ კასპში შვიდი თვის ბავშვის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ქმარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კასპში მოკლული შვიდი თვის ჩვილის მამას ბრალი წაუყენეს >>

საქმის პროკურორმა მიხეილ დვალიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, დაცვის მხარემ კი, ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა.

სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა, რადგან საქმეში არასრულწლოვანი ფიგურირებს.

შვიდი თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ 16 წლის დედას ექვსი წლით პატიმრობა შეუფარდეს

შვიდი თვის ბავშვის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ქმარს ბრალი დღეს წაუყენეს.

მკვლელობა მიმდინარე წლის მაისში კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში მოხდა, იმ სახლში, სადაც 16 წლის ბრალდებული თავის მეუღლესთან და 7 თვის შვილთან ერთად ცხოვრობდა. ბავშვის დედამ ის გვიან ღამით გაგუდა, თავად კი მიიმალა. ცხედარი გამთენიისას ბავშვის მამამ აღმოაჩინა. შვილის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი დედა 21 მაისს დააკავეს.

გარდაცვლილი ბავშვის მამას, 21 წლის მიხეილ დვალიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც წინასწარი შეცნობით, 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის ურთიერთობას გულისხმობს.

შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის მაისში მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ბავშვის დედა 16 წლის იყო.

რატომ გაგუდა 16 წლის დედამ საკუთარი ჩვილი? საქმის შოკისმომგვრელი დეტალები >>

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მიხეილ დვალიშვილს შვიდიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რაც შეეხება ბავშვის დედას, მას გორის რაიონულმა სასამართლომ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა რვა წლით, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ეს ვადა ერთი მეოთხედით შეუმცირდა.