გორთან წეროსხევის ტაძარი სრულად აღდგინეს

სარეკონსტრუქციო სამუშაოები ფონდი „ქართუს" ფინანსური უზრუნველყოფით განხორციელდა
Sputnik

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. დასრულდა გორის რაიონის სოფელ წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია, რომელსაც ისტორიკოსები განვითარებულ ფეოდალურ ხანას მიაკუთვნებენ, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებაში.

აღდგენითი სამუშაოები სააგენტოს ორგანიზებითა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" დაფინანსებით განხორციელდა.

„ტაძარი იყო უმძიმეს მდგომარეობაში, პირველ რიგში განისაზღვრა ტაძრის გუმბათის, თაღების, სვეტების და რიგელების სასწრაფო წესით აღდგენა.სამუშაოები მიმდინარეობდა უმკაცრესი სიფრთხილის ზომების დაცვითა და არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ", - ნათქვამია განცხადებაში.

ტაძარს რომ პირვანდელი სახე მიეღო, მისი კედლების და გუმბათის ყელი შეიმოსა სპეციალურად შერჩეული ნიჩბისის ქვით; გუმბათზე მოეწყო ავთენტური, ახლად დამზადებული კრამიტი, ხოლო ტაძრის ქანობიანი სახურავებზე დატანილ იქნა იმერული კრამიტი.

რაც შეეხება ინტერიერს, აქ შესრულდა შემდეგი სამუშაოები: სპეციალისტებმა დააკონსერვეს არსებული ძველი წარწერები; კანკელი აღდგა ნატურალურ ზომაში და დაკონსერვდა მისი შემორჩენილი ფრაგმენტი; იატაკი მოიჭიმა კირხსნარით.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ფონდმა „ქართუმ" ქართლში 28 ისტორიული ძეგლის აღდგენა დააფინანსა. პროექტების საერთო ღირებულებაა 2 738 300 ლარი. სულ 2015-2019 წლებში „ქართუმ" დააფინანსა 800-ზე მეტი ობიექტის რესტავრაცია (მთლიანი თანხა - 86 539 010 ლარი).