პრემიერი: საქართველო ახალი „აბრეშუმის გზის" ინიციატივაში მონაწილეობით ამაყობს

„აბრეშუმის გზის თბილისის ფორუმში" მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2 ათასზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.
Sputnik

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „აბრეშუმის გზის თბილისის ფორუმი" გახსნა, რომელშიც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2 ათასზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.

ღონისძიება თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიხსნა.

თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი" იხსნება

„ისტორიულად საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა „აბრეშუმის გზის" განვითარებაში. თანამედროვე ეკონომიკური ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პირობებში, როდესაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ განვითარებას, ახალი „აბრეშუმის გზის" კონცეფცია და მასში მონაწილეობა ჩვენთვის კიდევ უფრო მეტი პრიორიტეტი და საამაყოა", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მან აღსანიშნა, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გამოეხმაურა ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ინიციატივას „ერთი სარტყელი ერთი გზა".

„აბრეშუმის ფორუმი" თბილისში უკვე მესამედ ტარდება. ღონისძიება ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს. ფორუმის მიზანია შეიქმნას და გამყარდეს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც „აბრეშუმის გზის" ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.